ამირანი — აკაკი წერეთელი
Topics: класика
Beginning
კავკასიის ქედზე იყო
ამირანი მიჯაჭვული,
ყვავ-ყორანი ეხვეოდა,
დაფლეთილი ჰქონდა გული.
ქვეყნად ცეცხლის მოტანისთვის
გულს ცეცხლი არ ჰნელდებოდა,
და რაღაცა მანქანებით
წყლული ისევ მთელდებოდა.
ჰქონდა ჭირში მოთმინება:
არც ჰკვესოდა, არც ოხვრიდა;
უსამართლო ძლიერებას
მონურად ქედს არ უხრიდა!
ბოლოს მაინც გამარჯვება
დარჩა!.. ყველა გააოცა!.. -
და ის ღვაწლი მაგალითად
მიწის შვილთა მან გადმოსცა.
კავკასიის მაღალ ქედზე
მიჯაჭვული ამირანი
არის მთელი საქართველო
და მტრები კი ყვავ-ყორანი.
მოვა დრო და თავს აიშვებს,
იმ ჯაჭვს გასწყვეტს გმირთა-გმირი!..
სიხარულად შეეცვლება
ამდენი ხნის გასაჭირი!...
Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.