ორი ვედრება — დუტუ მეგრელი
Topics: класика
Beginning
I
"ჩემს მამულზედ უკეთესი სად არი?
იგია თვით სამოთხისა სადარი;
მაგრამ ვაი, რომ მის ჭვრეტით ვერ ვტკბები,
უცხო-უცხო მხარეებში ვბერდები!
ოჰ, განგებავ, მისმინე ეს ვედრება:
თუ სამშობლოს ხილვა აღარ მერგება,
მომკალ ბარემ, - რაც ვიტანჯე, მაკმარე
და მკვდარს მაინც იქ მაღირსე სამარე!..
II
"ჩემს სატრფოზედ უკეთესი ვინ არი?
იგია თვით ანგელოზი მცინარი;
მაგრამ ვაი, რომ მის ჭვრეტით ვერ ვტბები,
მისს ალერსსა მოკლებული ვბერდები!
ოჰ, განგებავ, მისმინე ეს ვედრება:
თუ საყვარლის ხილვა აღარ მერგება,
მომკალ ბარემ, - ტანჯვას გადამარჩინე
და მკვდარს მაინც მის ცრემლი დამადინე!..
Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.